არქიტექტურა
საშენ მასალად თლილი ქვის გამოყენება აგურისა (გარეთ) და მარმარილოს (შიგნით) ნაცვლად; კამაროვანი გადახურვა, თაღები და ბოძები ნაცვლად კოლონებისა და არქიტრავებისა; ატრიუმისა და ნართექსის უკუგდება; ამას გარდა ეს ეხება არა მარტო ბაზილიკებს, არამედ სხვა ტიპის ქართულ ტაძრებსაც - კლასიკური პროფილებისა და მოტივების უქონლობა (ცალკეულ რემინისცენციათა გარდა). ბოლნისში შუა ნავი „სრული" კამარით იყო გადახურული, გვერდის ნავები კი "ნახევარკამარებით“; ბ)ეკლესიის შესასვლელები მოწყობილია არა დასავლეთით, (დასავლეთი კედლის ახლანდელი შესასვლელი XVII ს-შია გაჭრილი), არამედ გრძელ კედლებში - ერთი სამხრეთით, ორი ჩრდილოეთით. ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ბაზილიკის არსს, რადგანაც ბაზილიკაში ყველაფერი უნდა ემორჩილებოდეს სიგრძივი ღერძის გასწვრივ მოძრაობას, მოძრაობას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, საკურთხევლისკენ, ყველაფერი ხაზს უნდა უსვამდეს ამ პერსპექტივს, ამ მისწრაფებას. გვერდის შესასვლელები კი როგორც ბოლნისშია - თითქოს ჰკვეთს და აფერხებს ამ მოძრაობას; სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შემსვლელმა, იმისათვის, რომ თვალთახედვით ერთიანად მოიცვას შიგა სივრცე, უნდა გაიხედოს არა მარტო ერთ მხარეს, ერთი ღერძის გასწვრივ, არამედ მეორე მხარესაც, ე.ი. მარცხნივ და მარჯვნივ; სივრცე შემსვლელის ორსავ მხარეს თითქოს თანაბარზომიერად ნაწილდება, ისე როგორც ცენტრალურ შენობებში.
Comments
Post a Comment